კლიჩკომ მოქალაქეებს მიმართა: სიტუაცია უკიდურესად რთულია, მოიმარაგეთ პროდუქტები

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, დროებით ქალაქგარეთ გავიდნენ, ხოლო მათ, ვინც ქალაქში რჩება - მოიმარაგონ საკვები, წყალი და მედიკამენტები. მისი თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ვითარების არსი: "მივმართავ მოსახლეობას და გულწრფელად ვეუბნები: სიტუაცია უკიდურესად რთულია და ეს შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს ყველაზე მძიმე მომენტი. მოიმარაგეთ პროდუქტები, წყალი, აუცილებელი მედიკამენტები. ვისაც გაქვთ ქალაქგარეთ გასვლის ვარიანტი, იქ, სადაც კვებისა და სითბოს ალტერნატიული წყაროებია, ნუ იტყვით მასზე უარს." - აღნიშნა კიევის მერმა.

  • მისი თქმით, ენერგეტიკაში შექმნილი ძალიან რთული ვითარების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ რუსები გააგრძელებენ ქალაქისა და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევას, კიევი მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.
  • კლიჩკომ დამსაქმებლებს მოუწოდა მოუწოდა, დააწესონ მუშაობის მოქნილი გრაფიკი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ.

დაეწიე ამბავს: უკრაინის დედაქალაქის თითოეულ რაიონში რეაგირების პირველი რგოლი რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციაა.

  • კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევმა თითოეულ რაიონში განსაზღვრა გათბობის საყრდენი პუნქტები ("უძლეველობის პუნქტები"), სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ბევრი ადამიანი შეძლებს ღამის გათევას.
  • ამ პუნქტებში მოეწყობა საძილე ადგილები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება გამათბობელი მოწყობილობებით (მობილური საქვაბეებით), კვებითა და ჰიგიენის საშუალებებით.
  • მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქის ყველა სამსახური და მერიის დეპარტამენტები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მთელი დღე-ღამის განმავლობაში აგრძელებენ მუშაობას კომუნალური სამსახურები, საავადმყოფოები და სოციალური დაწესებულებები.

დიდი სურათი: 20 იანვრის ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ კიევში 5 635 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გათბობის გარეშე დარჩა.

  • ქალაქის მარცხენა სანაპიროს გარკვეული დროის განმავლობაში წყლის მიწოდებაც შეუწყდა.
  • 23 იანვრის დილის მონაცემებით, დედაქალაქში გათბობის გარეშე 1 940 სახლი რჩება.
  • 20 იანვარს, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ The Times-თან განაცხადა, რომ იანვარში უკრაინის დედაქალაქი 600 ათასმა ადამიანმა დატოვა.  

მსგავსი სიახლეები