კრემლი მედვედჩუკზე: ის არ არის რუსეთის მოქალაქე, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსია

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ პრო-რუსი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას გამოეხმაურა. 

"რაც შეეხება მედვედჩუკის შესაძლო გაცვლას, რომელზეც ასეთი ვნებით და ჟინით ალაპარაკდნენ ზოგიერთი მოღვაწეები კიევში: მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალქე, მას არ აქვს არანაირი კავშირი სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან, ის უცხო ქვეყნის პოლიტიკოსია", - თქვა პესკოვმა. 

ამასთანავე პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი ყურადღებას მიაქცევს მედვედჩუკის ბედს. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის განმარტებით, უკრაინელი პოლიტიკოსის ბედს ყურადღება უნდა მიაქციონ ევროპელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც "ასე ზრუნავენ სიტყვის თავისუფლებაზე და პოლიტიკურ პატიმრებზე." 

"ვიქტორ მედვედჩუკი ყოველთვის გამოდიოდა მშვიდობის მოწოდებით და კონფლიქტის დარეგულირების ინიციატივით", - ამბობს პესკოვი.

უკრაინის მთავარი პრორუსი ოპოზიციონერი და ვლადიმირ პუტინის პირადი მეგობარი, ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ, 12 აპრილს დააპატიმრეს. 

გასული წლის შემოდგომაზე მედვედჩუკს, რომელსაც ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყების შემდეგ, მედვედჩუკი სახლიდან გაიქცა და მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობი იყო. 

 

მსგავსი სიახლეები