კრემლი: უკრაინას შეთანხმების ტექსტი გადავეცით ‘მკაფიო ფორმულირებებით’

ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინას შეთანხმების ტექსტის პროექტი გადასცეს.

„ამ დროისთვის უკრაინულ მხარეს ჩვენი დოკუმენტის პროექტი, რომელიც აბსოლუტურად მკაფიო, დამუშავებულ ფორმულირებებს შეიცავს. ბურთი მათ ეზოშია, ველოდებით პასუხს“, - განაცხადა პესკოვმა.

„უკრაინაზეა დამოკიდებული, როდის გვიპასუხებენ“, - თქვა კრემლის სპიკერმა.

კიევმა რუსული წინადადებები მიიღო და მათ შეისწავლის, ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.

„უკრაინამ ჯერ კიდევ სტამბულის რაუნდის დროს გადასცა ოპონენტებს თავისი წინადადებები ფორმულირებული გადაწყვეტებით. მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიების და ჩვენს ქვეყანაზე შემდგომში თავს არდასხმის კუთხით. რუსებმა ეს წინადადებები შეისწავლეს და შემხვედრი პოზიციები გააჟღერეს.

ახლა ჩვენი ჯერია - შევისწავლოთ, შევადაროთ, დასკვნები გავაკეთოთ. მათ შორის პოლიტიკურ-იურიდიული ხასიათის“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

რუსეთს და უკრაინას შორის პირისპირ მოლაპარაკებები ბოლოს 29 მარტს სტამბულში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები