კრის კრისტიმ 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა
ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა კანდიდატმა კრის კრისტიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიას წყვეტს.
კრისტი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე რესპუბლიკელი კანდიდატიდან, რომელიც ღიად აკრიტიკებდა ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს. ის ხშირად ამბობდა, რომ მისი კამპანიის მიზანი ტრამპის პრეზიდენტობის თავიდან აცილება იყო.
კრისტი, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი მხარდაჭერთ არ სარგებლობდა, თუმცა, 10%-ზე მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა შიდაპარტიული არჩევნების რიგით მეორე შტატში, ნიუ-ჰემფშირში.
აღნიშნულ შტატში გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილის. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრისტის მიერ კანდიდატურის მოხსნა ტრამპის მოწინააღმდეგე ამომრჩევლის კონსოლიდაციას გამოიწვევს და ჰეილის შანსებს გაზრდის.
"ამაღამ ჩემთვის ნათელია, რომ არ არსებობს ნომინაციის მოპოვების გზა, რის გამოც მე ვაჩერებ ჩემს კამპანიას," - თქვა კრისტიმ ნიუ ჰემფშირში შეხვედრისას.
ყოფილმა გუბერნატორმა პირობა დადო, რომ არასოდეს დაუშვებს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას და დაამატა: "ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი პირადი ამბიცია."
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი 15 იანვარს აიოვას შტატში დაიწყება. უკანასკნელი საზგოადოებრივი აზრის კვლევით, აიოვაში ტრამპი მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს (54%), მას მოსდევენს ნიკი ჰეილი - 20% და რონ დესანტისი - 13%.
ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5-7 იანვარს Morning Consult-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპუბლიკელების 65% დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, 13% - რონ დესანტისს, 11% - ნიკი ჰეილის და 5% - ვივეკ რამასვამის.