კროსეტოს თქმით, უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში სარაკეტო თავდაცვის სისტემები იქნება
იტალიის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, სავარაუდოდ, მოიცავს "იარაღს რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად." ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ CNN-ის ეთერში 1 თებერვალს განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ იტალია მზადაა შეასრულოს უკრაინის მოთხოვნები იარაღის მიწოდების შესახებ, რათა გააძლიეროს მისი თავდაცვა. ამასთან, მინისტრმა დეტალებზე საუბარზე უარი თქვა.
კროსეტომ ასევე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება პარიზთან ერთად მიიღება.
იტალიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში CNN-ს განუცხადეს, რომ ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეექვსე პაკეტზე მუშაობს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ 2023 წლის 24 თებერვლამდე კიევში ვიზიტი დააანონსა. მისი თქმით, იტალია მზად არის გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების გარანტი.