კუბილიუსი: საქართველოში მედიის თავისუფლება ხელისუფლების გამიზნული მსხვერპლია

ლიტვის ექს-პრემიერისა და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ევროკავშირისთვის მიუღებელია საქართველოში მედიის თავისუფლებაზე თავდასხმა, რასაც ის "ფორმალური და არაფორმალური მმართველების მხრიდან გამიზნულ პოლიტიკას" უწოდებს.

ანდრიუს კუბილიუსმა ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა, სადაც განიხილებოდა რეზოლუცია საქართველოში პრესის თავისუფლებაზე.

"აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართველი ხალხი ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებს", - ამბობს ლიტველი პოლიტიკოსი, - "თუმცა ევროკავშირის წევრი რომ გახდე, მხოლოდ ის არ კმარა, რომ ხალხს წევრობა სურდეს. ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს წევრობის კრიტერიუმებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, მედიის თავისუფლებას".

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ეს ყველაფერი, პირველყოვლისა, მთავრობის პასუხისმგებლობაა.

და სწორედ აქ შემოდის ჩვენი წუხილი. მედიის თავისუფლება საქართველოს ფორმალური და არაფორმალური მმართველების გამიზნული პოლიტიკის მსხვერპლია. ეს სრულიად მიუღებელია.

გამოსვლის დასასრულს მან გაიხსენა სლოვაკეთის მაგალითი, რომელსაც 1999 წელს ევროკავშირმა უარი უთხრა წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის მიზეზი მთავრობის არადემოკრატიული, მედიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა იყო.

"სლოვაკმა ხალხმა პრობლემა გადაჭრა და მთავრობა არჩევნებით გაისტუმრა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებდი, არ გაემეორებინა იგივე შეცდომა", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

 

მსგავსი სიახლეები