კულება: ევროკავშირმა ირანს სანქციები უნდა დაუწესოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე ევროკავშირს ირანისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა, რადგან რუსეთმა კიევზე თავდასხვისთვის სწორედ ირანული წარმოების კამიკაძე დრონები Shahed 136-ები გამოიყენა.
უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ორშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ რუსეთის მიმართ ირანის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ცნობებს, მათ შორის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მოსკოვი ირანულ კამიკაძე დრონებს იყენებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა: "ირანი თავისი უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით ომის თანამონაწილე ხდება, ისევე როგორც ბელორუსი."
ლანდსბერგისმა მოკავშირეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.