კურსკში უკრაინის საზღვართან ახლოს სარკინიგზო ხიდი ჩამოიშალა
კურსკის ოლქში სუჯა-სასნოვი ბორის დამაკავშირებელი რკინიგზის 67-ე კილომეტრზე მდებარე სარკინიგზო ხიდი ჩამოინგრა.
ინფორმაციას ამის შესახებ კურსკის გუბერნატორი, რომან სტარავოიტი თავის ტელეგრამ არხში ავრცელებს.
"დღეს დაახლოებით 11 საათსა და 20 წუთზე სუჯა-სასნოვი ბორის რკინიგზის მონაკვეთზე ჩამოიშალა ხიდის კონსტრუქცია. დაშავებულები არ არიან, მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- წერს გუბერნატორი.
რომან სტარავოიტის თქმით, რკინიგზის ამ მონაკვეთზე ძირითადად სავაჭრო ვაგონები მოძრაობა, სპეცსამსახურის თანამშრომლები კი უკვე ადგილზე არიან, რათა გაარკვიონ თუ რამ გამოიწვია ხიდის ჩამოშლა.
სუჯა-სასნოვი ბორის მონაკვეთის მოსკოვის რკინიგზას ეკუთვნის და უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 16 კილომეტრში მდებარეობს, სუმის მიმართულებით.
12 აპრილს რკინიგზის მონაკვეთი დაზიანდა უკრაინა-რუსეთის საზღვრის კიდევ ერთ მონაკვეთზე ბელგოროდის ოლქშიც. 27 აპრილს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ დააკავეს რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიას ცდილობდნენ ბელგოროდის ოლქში.