კვლევა: გერმანიაში ანტისემიტიზმის დონე კვლავ მაღალია
ანტისემიტიზმის დონე გერმანიაში გასული წლის განმავლობაში "საგანგაშოდ მაღალი" იყო. ეს დასკვნა ანტისემიტიზმის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციისა და მიმოხილვის ფედერალურმა ასოციაციამ (RIAS) 27 ივნისს გამოაქვეყნა.
საერთო ჯამში, 2022 წელს RIAS-მა მთელ გერმანიაში ანტისემიტიზმის 2480 შემთხვევა დააფიქსირა, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ანტისემიტური შეძახილები საჯარო ღონისძიებებზე. ეს რაოდენობა 2021 წელზე ნაკლებია (2738), თუმცა ძალადობრივი დანაშაულების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა - საერთო ჯამში RIAS-მა 9 ასეთი შემთხვევა დააფიქსირა.
ანგარიშში "ექსტრემისტული ძალადობის" ეპიზოდები მოიცავდა ესენში რაბინის სახლში სროლას. სააგენტო AFP გერმანიის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ებრაულ თემზე თავდასხმის ეს და კიდევ ორი სხვა შემთხვევა დაკავშირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საქმიანობასთან.
RIAS-ის თავმჯდომარემ ბენჯამინ შტეინიცმა გერმანელი ებრაელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავრობისგან გადამწყვეტი ზომების მიღება მოითხოვა.
"ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მხარდაჭერის თბილი სიტყვები, არამედ კონკრეტული ზომები ირანის მიერ კოორდინირებული ტერორისტების წინააღმდეგ. ხელისუფლებისთვის ცნობილი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები ევროკავშირის ტერორისტების სიაში უნდა იყვნენ," - აღნიშნა მან.