კვლევა: საპარლამენტო არჩევნებში მაკრონის პარტია უმრავლესობას ინარჩუნებს
სოციოლოგიური კომპანია Harris-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ემანუელ მაკრონის პარტია La Republique En Marche! ივნისში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას შეინარჩუნებს.
კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია ეროვნულ ასამბლეაში 577-იდან 328-368 მანდატს მოიპოვებს, შესაბამისად, უმრავლესობას ყველაზე ცუდ ვარიანტშიც არ დაკარგავს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მარინ ლე პენის "ეროვნული გაერთიანება" იქნება, რომელსაც, კვლევის მიხედვით, 75-105 მანდატი ექნება.
მესამე ადგილზე კვლევაში რესპუბლიკური პარტიაა 35-65 მანდატით, რომელსაც ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენე პარტია, "დაუმორჩილებელი საფრანგეთი" მოსდევს 25-45 ადგილით.
სოციალისტურ პარტიას, კვლევის მიხედვით, 20-40 მანდატი ექნებათ, კომუნისტებს 10-20, მწვანეებს კი - 1-5.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური 12 და 19 ივნისს გაიმართება.