უკრაინაში ომის ფონზე რუსეთს ენერგო-ექსპორტიდან შემოსავლები გაუორმაგდა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ენერგეტიკული რესურსების ექსპორტით 66 მილიარდ დოლარამდე ვალუტა მიიღო, წერს ფინური კვლევითი ცენტრი CREA.
ანგარიშის თანახმად, რუსეთმა ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან შემოსავლები თითქმის გაიორმაგა.
„ენერგეტიკული წიაღისეულის ექსპორტი რუსეთის სამხედრო აღმშენებლობის და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია“, - წერია ანგარიშში.
გაყიდული ნავთობის და გაზის 71 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე მოდის.
გერმანიამ ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი, 9.1 მილიარდი ევროს რუსული ენერგეტიკული რესურსები შეიძინა.
ევროპის ყველაზე მსხვილ ეკონომიკას იტალია (6,9 მლრდ ევრო), ჩინეთი (6.7 მლრდ ევრო), ნიდერლანდები (5.6 მლრდ ევრო), თურქეთი (4.1 მლრდ ევრო) და საფრანგეთი (3.8 მლრდ ევრო) მოსდევს.
ორი დღის წინ რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა განაცხადა, რომ ექსპორტის საფასურის რუბლში გადახდაზე უარის თქმის გამო ბულგარეთს და პოლონეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს.
ევროპის ლიდერები კრემლს ენერგეტიკული რესურსებით შანტაჟში ადანაშაულებენ.
ევროკავშირში სულ უფრო მწიფდება კონსენსუსი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესახებ.
ბლოკი ამჟამად ნავთობის მოთხოვნილების მეოთხედს და გაზის ორმოც პროცენტს რუსეთიდან იმპორტით იკმაყოფილებს.