ლე პენი: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთი ნატოს დატოვებს
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტია ეროვნული გაერთიანების ლიდერი გამარჯვების შემთხვევაში ფრანგებს ნატო-დან გასვლას ჰპირდება.
ამის შესახებ მარინ ლე პენმა ქალაქ რეიმსში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ისაუბრა.
ლე პენის აზრით, აუცილებელია საფრანგეთის გამოსვლა ნატოს გაერთიანებული სარდლობიდან, რათა ქვეყანა აღარ ჩაითრიონ მისთვის არასაჭირო კონფლიქტებში. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, დაუშვებელია საფრანგეთისა და მისი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების სხვებისთვის დელეგირება.
ლე პენის თქმით, საერთაშორისო არენაზე საფრანგეთის ხმა უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს და მათ შორის ამისთვის გამოყენებული უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობაც.
წინასაარჩევნო შეხვედრისას ლე პენმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მის ძველ იდეაზე, რომელიც ევროკავშირის რეფორმირებას ეხება. მისი აზრით, ახალი, რეფორმირებული ალიანსი ერების სუვერენიტეტზე იქნება დაფუძნებული.
ლე პენი ემხრობა სახელმწიფო საზღვრებზე მუდმივი კონტროლის აღდგენას და საფრანგეთის სასოფლო სამეურნეო სექტორის გამოყვანას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლე პენი ფრანგებს ნატო-დან გასვლას ჰპირდება - იგივე დაპირებები ისმოდა ლე პენისგან წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.
2017 წელს, ბერძნულ გამოცემა Dimokratia-სთან საუბარში, ფრანგმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ტრანს-ატლანტიკური ალიანსი თავდაპირველად საბჭოთა კავშირის გაფართოების საფრთხის შესაჩერებლად შეიქმნა, დღეს კი ასეთი საფრთხე აღარ არსებობს და შესაბამისად, აღარ არსებობს ნატოს საჭიროებაც. ლე პენის აზრით, ნატოს აშშ ევროპაში თავის მიზნების მისაღწევად ხელოვნურად ინარჩუნებს.
დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთის ნატო-დან გაყვანის გეგმის შესახებ განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთმა კანდიდატმა ერიკ ზემურმაც.
ზემურის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება.