ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: ბეირუთზე ისრაელის თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 68 - დაშავდა

ბეირუთის საცხოვრებელ კორპუსზე ისრაელის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 68 დაიჭრა, მათ შორის ხუთი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ლიბანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ჰეზბოლას ტელეკომპანია Al-Manar-ის ცნობით, 17 დაჭრილი გადაიყვანეს ბაჰმანის კერძო საავადმყოფოში, ხოლო 14 - ჰეზბოლას "რასულ აზამის" საავადმყოფოში.

"ისრაელელმა მტერმა დიდი სისულელე ჩაიდინა, სამიზნე მთლიანად სამოქალაქო ტერიტორია იყო," - განუცხადა ჰეზბოლას ჩინოვნიკმა ალი ამარმა ტელეკომპანია Al-Manar-ს. "ისრაელი ადრე თუ გვიან ამის ფასს გადაიხდის."

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნაჯიბ მიქათიმ დაგმო ისრაელის თავდასხმა.

მისი თქმით, ლიბანი იტოვებს უფლებას მიიღოს "ნებისმიერი ზომა, რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელის აგრესიის თავიდან აცილებას." ასევე მან მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.

კონტექსტი

30 ივლისს ისრაელმა ბეირუთი დაბომბა. ავიადარტყის სამიზნე "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროსი მრჩეველი ფუად შუკრი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, რამდენიმე წლის წინ, ის ტერორისტული ორგანიზაციის ზუსტი რაკეტების პროექტის ხელმძღვანელად გამოაცხადეს.

შუკრი შეერთებული შტატების მიერ იძებნება 1983 წელს, ბეირუთში, ამერიკელი საზღვაო ქვეითების ყაზარმის დაბომბვაში მონაწილეობისთვის.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სირიის სამოქალაქო ომის დროს შუკრი "ეხმარებოდა [ჰეზბოლას] მებრძოლებს და სირიული რეჟიმის ჯარებს," როდესაც ისინი ასადის ოპოზიციას ებრძოდნენ.

საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ისრაელის ავიადარტყმის შედეგად ის მოკლულია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ჰეზბოლას მეთაური ფუად შუკრი მოკლეს. IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შუკრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, არის ჰეზბოლას ყველაზე მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაური.

შუკრი ჯიჰადის საბჭოს, ჰეზბოლას უმაღლესი სამხედრო ორგანოს წევრი იყო და მისი სტრატეგიული განყოფილების ხელმძღვანელად ითვლებოდა.

7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, შუკრი ხელმძღვანელობდა ჰეზბოლას თავდასხმებს ისრაელზე, მათ შორის თავდასხმას მაჯდალ შამსზე, რომელსაც 12 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები