ლიეტუვამ შესაძლოა სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება აკრძალოს
ლიეტუვის ხელისუფლება აპირებს შეაფასოს რუსულ ენაზე სწავლების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი ქვეყნის საჯარო სკოლებში. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა გინტაუტას იაკსტასმა 5 იანვარს განაცხადა.
"უნდა გავიგოთ არის თუ არა ეს იურიდიულად შესაძლებელი, გვინდა თუ არა რაიმეს შეცვლა და შემდეგ დავაფიქსიროთ რა შეიძლება იყოს ეს ცვლილება," - განმარტა მინისტრმა.
იაკსტასის თქმით, ლიეტუვამ მეზობელი ლატვიისა და ესტონეთის მაგალითს უნდა მიბაძოს, რომლებიც არა მხოლოდ უარს ამბობენ სკოლებზე, სადაც სწავლების ენა რუსულია, არამედ უარს ამბობენ მის უცხო ენად სწავლებაზე.
"ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ევროკავშირის ენებზე, რათა ეროვნული უმცირესობების განათლება მათ ენაზე მოხდეს," - განაცხადა მან რადიოში. "შესაძლებელია ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება სხვა ქვეყნებთან, თუ არსებობს მეგობარი ქვეყანა, როგორიცაა უკრაინა."
მინისტრმა თქვა, რომ ლიეტუვა "რამდენიმე კვირაში" წარადგენს წინადადებას რუსულენოვანი განათლების შეწყვეტის შესახებ. მთლიანობაში ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სისტემაში დღეს დაახლოებით 300 ათასი სკოლის მოსწავლე სწავლობს, რუსული სკოლებში კი დაახლოებით 15 ათასი მოსწავლეა.
ამავდროულად, ლიეტუვის ეროვნულ უმცირესობათა საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაივა ვეჟელიტ-პოკლადოვამ ლიეტუვის რადიოს ეთერში განაცხადა, რომ იგი მხარს არ უჭერს ერთ-ერთი ეროვნული უმცირესობის სკოლების დახურვას.