ლონდონის მერის არჩევნები - რა უნდა ვიცოდეთ

6 მაისს ლონდონელები ქალაქის მერს და ასამბლეის 25 წევრს აირჩევენ.

ლონდონის მერის არჩევნები 2020 წლის 7 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო 1 წლით გადაიდო.

რა უფლებამოსილება აქვს ლონდონის მერს

ლონდონის მერი განკარგავს ქალაქის ბიუჯეტს, რომელიც 19 მილიარდ ფუნტს შეადგენს და პასუხისმგებელია ტრანსპორტზე, ქალაქის პოლიციაზე, საბინაო პოლიტიკაზე და გარემოს დაცვაზე. ქალაქის ასამბლეა კი ზედამხედველობას უწევს მერიის ადმინისტრაციის მუშაობას.

რა სისტემით ტარდება არჩევნები

ლონდონის მერის არჩევნებზე, ამომრჩეველი ბიულეტენში პირველ და მეორე ფავორიტს ხაზავს, რასაც პრეფერენციების სისტემა ეწოდება. თუ კანდიდატი პირველი პრეფერენციის ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, ამ შემთხვევაში იმარჯვებს. თუ პირველი პრეფერენციის ხმების 50% არცერთ კანდიდატს არ აქვს, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტური იმართება. იმ კანდიდატების მეორე პრეფერენციის ხმები, რომლებიც მეორე ტურში ვერ გავიდნენ, ორ ძირითად კანდიდატის სასარგებლოდ ნაწილდება.

ვის შეუძლია ხმის მიცემა

ხმის მიცემა შეუძლია ყველა დარეგისტრირებულ ამომრჩეველს, რომელიც არის ბრიტანეთის, ირლანდიის, თანამეგობრობის და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქე, ცხოვრობს ლონდონში და მინიმუმ 18 წლისაა.

როდის გავიგებთ არჩევნების შედეგებს

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ დაწესებული რეგულაციების გამო, შედეგების დათვლა 9 მაისამდე არ დასრულდება.

ვინ არის ამჟამად მერი

2016 წელს ჩატარებულ ლონდონის მერის არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის კანდიდატმა სადიკ ხანმა გაიმარჯვა. თუმცა, გამარჯვებისთვის მას მეორე ტური დასჭირდა, რადგან ვერც მან და ვერც მისმა კონსერვატორმა კონკურენტმა ზაკ გოლდსმიტმა ხმების 50%-ის მიღება ვერ შეძლეს. სადიქ ხანი ევროკავშირის ქვეყნის (Brexit-მდე პერიოდი) დედაქალაქის პირველი მუსლიმი მერი გახდა. ის და მისი პარტია, კონკურენტი გოლდსმიტს ხშირად ადანაშაულებდნენ ისლამოფობიაში.

როგორი მერი იყო სადიკ ხანი

ხანი ლონდონის მერი ბრექსიტის რეფერენდუმამდე ცოტა ხნით ადრე გახდა. ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი ლონდონი ბრიტანეთში პრო-ევროპული და მემარცხენე განწყობების ცენტრია. ის აქტიურად მონაწილებდა ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა კამპანიაში, მათ შორის კონსერვატორ პრემიერ დევიდ კამერონთან ერთად, რის გამოც, მას ლეიბორისტული პარტიის ულტრამემარცხენე წევრები მკაცრად აკრიტიკებდნენ. რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ, ლონდონის მერი რეფერენდუმის მოთხოვნით გამართულ მასშტაბურ აქციებში ხშირად მონაწილეობდა.

სადიკ ხანის მერობის ერთ-ერთი მიღწევად Hopper-ის ავტობუსის ბილეთის შემოღება ითვლება, რომლითაც მგზავრს ერთი საათის განმავლობაში, ერთი ბილეთის ფასად შეუძლია ორი სხვადასხვა ავტობუსითა და ტრამვაით იმგზავროს. ლონდონის მერი ეწინააღმდეგებოდა ჰითროუს აეროპორტის გაფართოებას და ნაცვლად ამისა, მან ცენტრალურ მთავრობას გეთვიკის აეროპორტში მეტი ინვესტირება შესთავაზა.

კრიმინალის სტატისტიკის ზრდა, სადიქ ხანის მთავარ ჩავარდნად ითვლება. 2019 წელს, ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ოფისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ლონდონში კრიმინალი ხუთჯერ მეტია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში. 2019 წელს, დანით ჩადენილი დანაშაული, წინა წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა, მაშინ როცა, ბორის ჯონსონის მერობისას, სტატისტიკა, ზედიზედ 3 წლის განმავლობაში დაღმავალი დინამიკით გამოირჩეოდა. 2018 წელს ლონდონში მკვლელობების რაოდენობამ, პირველად გადააჭარბა ნიუ-იორკის მაჩვენებელს.

სადიკ ხანი ხშირად აცხადებს, რომ კრიმინალის ზრდაზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ამაში ნაწილობრივ ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომელმაც პოლიციის დაფინანსება შეამცირა.

სადიკ ხანი ინდოეთში ვიზიტისას, 2018 წელი

 

ლონდონის მერობის ძირითადი კანდიდატები

2021 წლის არჩევნებზე 20 კანდიდატი დარეგისტრირდა, რაც ყველა დროის რეკორდია. ლონდონის მერობისთვის ბრძოლაში ჩასართავად კანდიდატობის მსურველს ლონდონში რეგისტრირებული 66 ადამიანის ხელმოწერა და საბანკო ანგარიშზე 10,000 ფუნტი სჭირდება.

სტატიაში ორი ძირითადი კანდიდატის, მოქმედი მერის, სადიკ ხანის და მისი მთავარი კონკურენტის, კონსერვატორების კანდიდატის, შონ ბეილის პლატფორმებს მიმოვიხილავთ.

სადიკ ხანი

სადიკ ხანი სამხრეთ ლონდონში, პაკისტანელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა, სადაც 8 შვილიან ოჯახში, იგი მეხუთე იყო. მისი ოჯახი სოციალურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ლონდონის მერის მამა ამანულა, ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. სადიქ ხანი ხშირად იხსენებს, რომ ბავშვობაში გაზეთებს არიგებდა ან ზაფხულობით მშენებლობაზე მუშაობდა.

სადიკ ხანის პოლიტიკური კარიერა 1994 წელს დაიწყო, როდესაც ლონდონის ერთ-ერთი ნაწილის საკრებულოს წევრი გახდა. 2005 წელს ის ბრიტანეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს, ლონდონის Tooting-ის ოლქიდან. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო, ხანი მკაცრად აკრიტიკებდა ტონი ბლერის ინიციატივას, ტერორიზმში ეჭვმიტანილების 90 დღით დაკავებაზე, მათთვის ბრალის დამტკიცების გარეშე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველაზე დიდმა მემარჯვენე ჟურნალმა The Spectator-მა, რომლის რედაქტორიც მაშინ ბორის ჯონსონი იყო, 2005 წელს, ხანი პარლამენტარების ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე “წლის ახალწვეულის” წოდებით დააჯილდოვა. სადიკ ხანი ტონი ბლერის საგარეო პოლიტიკის, განსაკუთრებით ერაყში ინტერვენციის მკაცრი კრიტიკოსი იყო.

2009 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, ის ტრანსპორტის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნა. სახელმწიფო მინისტრი მთავრობის წევრად არ ითვლება, თუმცა ხანი ხშირად ესწრებოდა სამთავრობო სხდომებს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ის პირველი მუსლიმი სახელმწიფო მინისტრი იყო. საინტერესოა ისიც, რომ მინისტრობისას, ხანი ლონდონში ჰითროუს აეროპორტის გაფართოებას და მესამე ასაფრენი ბილიკის დამატებას ემხრობოდა, რასაც შემდგომში ეწინააღმდეგებოდა.

2010 წელს ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის 13 წლიანი მმართველობა დასრულდა და ხელისუფლებაში კონსერვატორები მოვიდნენ, ხანი კი პარლამენტის წევრი მეორედ გახდა. 2015 წლის დეკემბერში, ხანმა პარლამენტში მხარი არ დაუჭირა დევიდ კამერონის მთავრობის ინიციატივას, ისლამური სახელმწიფოს საჰაერო დაბომბვების შესახებ. 

2021 წლის საარჩევნო კამპანიაში, ხანის მთავარი დაპირებებია: 170,000 მწვანე სამუშაო ადგილის შექმნა; ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში 4G ინტერნეტის გამოყენება; უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, დამატებით 6,000 პოლიციელის აყვანა, 2030 წლისთვის ლონდონის კარბონ-ნეიტრალურ (zero-carbon) ქალაქად გადაქცევა და 10,000 ახალი მუნიციპალური ბინის მშენებლობა.

ლონდონის მერობის კონსერვატორი კანდიდატი შონ ბეილი

შონ ბეილი

ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი ლონდონი კონსერვატორული პარტიისთვის ელექტორალურად კომფორტული ქალაქი არასდროს ყოფილა. 2008 წელს ლონდონმა კონსერვატორი მერი, ბორის ჯონსონი აირჩია. თუმცა, ეს დაემთხვა ბრიტანეთში ლეიბორისტების უკვე 11 წლიან მმართველობას, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის დაწყებას და ზოგადად, გორდონ ბრაუნის ხელისუფლების არაპოპულარობას. შესაბამისად, მაშინ ბორის ჯონსონის მხარდაჭერა საპროტესტო განწყობის გამოხატვაც იყო. 

2021 წელს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ლონდონის მოსახლეობის 69.7%-მა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის წინააღმდეგ მისცა ხმა, მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ კი ქვეყანა ევროკავშირიდან გამოიყვანა. შესაბამისად, პარტიას ძალიან უჭირს პრო-ევროპულად განწყობილი ადამიანების ხმების მოპოვება. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ თუ კონსერვატორები იმდენად გარდაისახებიან, რომ ლონდონის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას დაიმსახურებენ, მაშინ ისინი აუცილებლად დაკარგავენ ტრადიციულ, კონსერვატიული ღირებულების, ევროსკეპტიკოს მხარდამჭერებს.

ლონდონის მერის არჩევნებზე პარტიის კანდიდატი შონ ბეილია. ის 2016 წლიდან ლონდონის ასამბლეის წევრია. წარსულში მან რამდენჯერმე, თუმცა წარუმატებლად იყარა კენჭი დედაქალაქის სხვადასხვა ოლქებში, ბრიტანეთის პარლამენტში მოსახვედრად. ბრექსიტის რეფერენდუმზე ის ევროკავშირის დატოვებას უჭერდა მხარს.

2006 წელს მან დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია MyGeneration, რომელიც სიღარიბეში მყოფი ახალგაზრდების პრობლემებზე ზრუნავდა. ბეილი ხშირად იხსენებს სოციალური აქტივობების ფარგლებში მის დაპირისპირებას კრიმინალთან და ნარკოვაჭრობასთან. ამასთან დაკავშირებით, ცნობილია ერთი მოვლენა, როდესაც ბეილი პირველად წარსდგა საპარლამენტო არჩევნებზე, მან ქუჩაში ნარკომოვაჭრე დაინახა, რომელიც პატარა ბავშვზე თავდასხმას ცდილობდა, თუმცა ლონდონის მერობის კანდიდატმა ამაში ხელი შეუშალა. ბეილი ხშირად იხსენებს მსგავს ისტორიებს და აცხადებს, რომ ქალაქში გაუარესებული კრიმინოგენური ვითარების ფონზე, კარგად იცის უბრალო ლონდონელების პრობლემები.

“მე გავიზარდე უმუშევრობაში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა სახლი, მე ვარ ადამიანი, რომელზეც პოლიტიკა დიდ გავლენას ახდენს.” ბეილი თავისი ბიოგრაფიის ამ დეტალების გახსენებით ცდილობს ამომრჩეველს დაანახოს, რომ ისიც მათი მსგავსია და არ წარმოადგენს კონსერვატორული პარტიის ელიტურ ნაწილს.

შონ ბეილი კამპანიისას ხშირად გამხდარა რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი, თუმცა ისლამოფობიაში მასაც ადანაშაულებენ. წარსულში ტვიტერზე გააზიარა ლონდონის მერის სადიკ ხანის ფოტო, რომელზეც შემდეგი წარწერა - “ლონდონისტანის გიჟი მოლა" იყო დატანილი. თუმცა, შემდგომში ბეილის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ის ამ ფოტოს არ გააზიარებდა, წარწერა რომ დაენახა.

2021 წლის საარჩევნო კამპანიაში, ბეილის საკმაოდ გრძელი დაპირებების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: 5 წელიწადში 924,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა; ქალაქის გარეუბნებში 30 წუთიანი უფასო პარკირების შემოღება; დამატებით 8,000 პოლიციელის დაქირავება; 38 ახალი პოლიციის განყოფილების დამატება; 32 ახალგაზრდული ცენტრის გახსნა და 4,000 სოციალური მუშაკის დაქირავება; 500,000 ხის დარგვა; 6,000 ფუნტის უპროცენტო სესხის გაცემა იმ მძღოლებზე, რომლებსაც დიზელის ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლა სურთ; 100,000 მუნიციპალური ბინის აშენება და შემდგომში 100,000 ფუნტად ბინების პირველად მყიდველებზე გაყიდვა.

როგორია საზოგადოებრივი აზრის კვლევები

უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევით, სადიკ ხანი დიდი უპირატესობით ლიდერობს და სავარაუდოა, რომ ხმების 43%-ს მოიპოვებს, ხოლო შონ ბეილი 31%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური გარდაუვალია. თავის მხრივ, წინასწარი პროგნოზების თანახმად, მეორე ტურში ხმათა ბალანსი 59%-41%-ზე იქნება, მოქმედი მერის სასარგებლოდ.

საპ

მსგავსი სიახლეები