ლუკაშენკა ბელარუსის პრეზიდენტად დარჩენას 2035 წლამდე შეძლებს

 

ბელარუსში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ალექსანდრ ლუკაშენკას კიდევ ორი, ხუთწლიანი ვადით პრეზიდენტად კენჭისყრის შესაძლებლობას მისცემს.

ბელარუსის რეჟიმის ლიდერს ქვეყნის სათავეში დარჩენა 2035 წლამდე შეეძლება.

67 წლის ლუკაშენკა ბელარუსს 1994 წლიდან მართავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ბელარუსის პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა პრივილეგიებს მიანიჭებს.

ამასთან, კანონპროექტი ბელარუსის პარლამენტის უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებს.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოუსკაია, რომელიც 2020 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, ცვლილებებს „დიქტატორის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობად“ აფასებს.

გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებს ბელარუსში მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რომლის ჩასახშობად ლუკაშენკამ მასშტაბური რეპრესიები წამოიწყო.

მრავალ ოპოზიციურ ლიდერს, მათ შორის ციხანოუსკაიას, ქვეყნის დატოვება მოუხდათ. სხვები, მაგალითად მარია კოლესნიკოვა, საპყრობილეში აღმოჩნდნენ.

ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „იასნას” თანახმად, ქვეყანაში ამჟამად 900-მდე პოლიტიკური პატიმარია.

დასავლეთმა, რომელიც ლუკაშენკას ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად არ აღიარებს, ბელარუსის რეჟიმს სხვადასხვა ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები