მაია ფანჯიკიძე: დასავლეთი ყოველდღე არ შეგვახსენებს რა არის გასაკეთებელი
საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე და გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე "რეალპოლიტიკის" პოდკასტის მეოთხე ეპიზოდში ისაუბრა.
"ჩვენს მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება - ჩვენ გვინდა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, ყოველ შემთხვევაში, სანამ მე მინისტრი ვიყავი, ეს ნამდვილად გვინდოდა. ინტეგრაციის პროცესის დაშლა დაიწყო 2018 წელს, როდესაც ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ დასავლეთისგან საქართველომ მეტი მხარდაჭერა მიიღოს, უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა და დასავლელ პარტნიორებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გვჭირდება.
"ის, რომ ჩვენს ინტეგრაციას ისინი [გერმანელები] მხარს უჭერენ, ეს არის გაცხადებული პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩინეთი, რომ სხვადასხვა შეხედულებები არსებობდეს ჩვენს მიმართ. საქართველოზე არის ასეთი ჩამოყალიბებული შეხედულება მთელ ევროპაში და ამერიკასაც მივამატებდი, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა თავის დროზე, რომ უნდოდა ევროკავშირი და ნატო. ამ ინტეგრაციისთვის არსებობს უამრავი ინსტრუმენტი და ჩვენ ყველა ეს ინსტრუმენტი მოგვცეს, ყველა პროგრამა გაგვიხსნეს, ახლა ჩვენზეა რამდენად გამოვიყენებთ. ისინი არ მოვლენ და არც ჩვენს საშინაო დავალებას შეასრულებენ და არც ყოველდღე შეგვახსენებენ რა არის გასაკეთებელი. გავაკეთებთ? მივიღებთ უფრო მეტს. არ გავაკეთებთ? არ მივიღებთ", - თქვა ფანჯიკიძემ პოდკასტში საუბრისას.
მაია ფანჯიკიძე 2012-2014 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო 2004-2007 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.