მაკრონი: ახალი კალედონია საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩება

 

წყნარი ოკეანის არქიპელაგ ახალ კალედონიაზე დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას მხარი დაუჭირა.

არქიპელაგზე ჩატარებულ რეფერენდუმზე აქტივობა 44% იყო და მოსახლეობის 96.5%-მა ხმა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა.

ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი თქმით, კორონავირუსის გამო რეფერენდუმის შედეგები სამართლიანი არ არის.

საფრანგეთში დარჩენის მომხრეები კი აცხადებდნენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში არქიპელაგი ჩინეთის გავლენის სფერო გახდება.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგები ცალსახაა. 

"ახალი კალედონია საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩება. ახალი კალედონიის მოსახლეობამ გადაწყვიტა დარჩეს საფრანგეთში და მათ ეს არჩევანი თავისუფლად გააკეთეს."

ეს კუნძულზე ჩატარებული მესამე რეფერენდუმია. 2018 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე საფრანგეთში დარჩენას მოსახლეობის 56.7%-მა მისცა ხმა, 2020 წელს კი - 53.5%.

 

 

მსგავსი სიახლეები