მაკრონი: მნიშვნელოვანია, საქართველომ მხარი დაუჭიროს ევროპულ სანქციებს

საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა წერილი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს მისწერა.
 
წერილში მაკრონი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის ფონზე, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ ევროპულ სანქციებს:
"მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს."
საფრანგეთის პრეზიდენტი აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ქართულ სასამართლო სისტემაში "აუცილებელი რეფორმების" გატარებას:
ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე.
ემანუელ მაკრონი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინელი ლტოლვილების მიღებით და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით "ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ", გაეროში საქართველოს მიერ მიცემული ხმები კი "ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო."
 
წერილის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტი გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი:
მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არცერთ ფსევდო-რეფერენდუმს
 

მსგავსი სიახლეები