მაკრონი, სავარაუდოდ, დღეს საღამოს პარიზში ზელენსკის და შოლცს შეხვდება - BFMTV
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ვიზიტის შემდეგ, სავარაუდოდ, პარიზში გაემგზავრება. ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არხის თანამოსაუბრეების თქმით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საღამოს, პარიზში, ზელენსკის და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში 8 თებერვალს ჩავიდა. ის ლონდონში ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავით გაფრინდა, ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზების გამო წინასწარ არ დაანონსებულა.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ რიში სუნაკს, მიმართა ქვეყნის პარლამენტს და მოკავშირეებს მოუწოდა შექმნან კოალიცია უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადასაცემად. უკრაინის პრეზიდენტი ასევე გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-საც შეხვდა.
გარდა ამისა, 9-10 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც ზელენსკი მიწვეულია.