მაკრონი ცდილობს შოლცს და ბაიდენს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიციისკენ უბიძგოს

თებერვალში გამართულ კონფიდენციალურ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობდა ამერიკელი და გერმანელი კოლეგები რუსეთის მიმართ უფრო ხისტი სტრატეგიის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. 

მაკრონი მიიჩნევს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სტრატეგიული ორაზროვნების პოზიცია უნდა დაიკავონ, რომელიც მაგიდაზე რუსეთის საპასუხო ქმედებების ფართე სპექტრს დატოვებდა, მათ შორის სამხედროსაც. 

მაკრონის იდეა არსებითად ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომას, რომელიც სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან რუსეთთან ესკალაციის აღკვეთას ითვალისწინებდა. 

წყაროების ცნობით, მაკრონი ცდილობდა მოკავშიირების დარწმუნებას შეეწყვიტათ დასავლეთის ე.წ. წითელი ხაზების ტრანსლირება, რაც რუსეთს საგონებელში ჩააგდებდა დასავლეთის საპასუხო ქმედებებზე ფიქრისას. 

გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ ბაიდენი ვერ დარწმუნდა მიდგომის ცვლილების აუცილებლობაში, რადგანაც ამას შესაძლოა რუსეთთან უფრო მეტი ესკალაცია მოჰყოლოდა. მაკრონის პოზიცია არ გაიზიარა გერმანიის კანცლერმაც - შოლცის აზრით, ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა გახლიჩოს ნატოს ერთიანი პოზიცია და რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკი შექმნას. 

მაკრონის, შოლცისა და ბაიდენის ონლაინ შეხვედრა თებერვალში პარიზში ევროპელი მოკავშირეების დაგეგმილ შეხვედრამდე გაიმართა. მაკრონმა ბაიდენი და შოლცი გააფრთხილა, რომ პარიზში დაგეგმილ შეხვედრას რუსეთის მიმართ შეცვლილი გზავნილის გასაჟღერებლად გამოიყენებდა. 

წყაროს ცნობით, შოლცმა მაკრონს განუცხადა, რომ იდეის საჯაროდ გაჟღერების შემთხვევაში ის იძულებული იქნებოდა ინიციატივისგან საჯაროდვე დისტანცირებოდა. 

ფრანგული სამხედრო დანაყოფების უკრაინაში გაგზავნის იდეამ წარმოშვა სხვა დილემაც - როგორ უნდა ეპასუხათ მოკავშირეების რუსეთის მიერ ფრანგული დანაყოფებზე შეტევის შემთხვევაში. გაზეთთან საუბარში ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ფრანგული დანაყოფებზე რუსეთის პოტენციური შეტევა საომარ მოქმედებებში სხვა დასავლელი მოკავშიირების ჩართვის რისკს ატარებდა. 

ამ თემაზე საუბრისას მაკრონმა კოლეგებს განუცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში აშშ-სა და სხვა მოკავშირეების ჩართვის აუცილებლობა არ იარსებებდა - რადგანაც საფრანგეთს ჰქონდა დანაკარგები აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული სამხედრო კამპანიებს დროს, თუმცა დასახმარებლად მოკავშირეებისთვის არ მიუმართავს. 

წყაროების ცნობით, დაძაბულობამ პიკს 26 მაისს, ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის დროს მიაღწია. შეხვედრაზე მაკრონმა მოკავშიირებს საკუთარი იდეები გააცნო და გვერდით მჯდომ შოლც პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. 

შოლცმა კატეგორიულად უარყო მსგავსი შესაძლებლობა. უარი დააფიქსირეს ნიდერლანდების, პოლონეთის და საბერძნეთის წარმომადგენლებმა. მაკრონის იდეას მხარი დაუჭირა ესტონეთის პრემიერმა, კაია კალასმა და განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეებმა უნდა ფოკუსირდნენ არა იმაზე რას არ გააკეთებენ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, არამედ იმაზე თუ რას გააკეთებენ. 

უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამიტის დასრულების შემდეგ მაკრონმა ჟურნალისტებს მაინც განუცხადა, რომ კონსენსუსის არ არსებობის მიუხედავად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მათ შორის არც ჯარების გაგზავნის. 

კონტექსტი 

უკრაინაში ჯარების გაგზავნამ საფრანგეთის მოკავშირეების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 

უთანხმოების მიუხედავად, მაკრონმა დაიცვა მისი პოზიცია და განცხადა, რომ მისი სიტყვები კარგად გააზრებული და ნაფიქრი იყო. მოგვიანებით, ფრანგული ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ფრონტზე უკრაინისთვის ვითარების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში საფრანგეთი მზად იქნებოდა არ დაეშვა რუსეთის გამარჯვება, თუმცა იქვე დასძინა, რომ საფრანგეთი არ წავიდოდა რუსეთთან მიზანმიმართული ესკალაციის გზით. 

ცოტა ხნის წინ ფრანგული Le Monde წერდა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საფრანგეთის მთავარი ომის პირველ წელსაც მსჯელობდა. 

წყაროს ცნობით, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წლისთავზე ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეებს უთხრა, რომ "მომდევნო 1 წლის განმავლობაში მას ოდესაში მისი ხალხის გაგზავნა მოუწევდა."

წყაროს ცნობით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა გასულ ზაფხულს გამართულ ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე განიხილებოდა. 

ამ თემას შეეხო მაკრონი 7 მარტს საფრანგეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთა გამართულ შეხვედრაზეც - შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის ცნობით, მაკრონი რუკის ფონზე საუბრობდა რუსეთის არმიის წინსვლის შესაძლო სცენარებზე, ოდესისა და კიევის მიმართულებით. დეპატუტის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ ამ სცენარში საფრანგეთი იძულებული იქნებოდა ჩარეულიყო, ვინაიდან არაფრის ფასად არ დაეშვა უკრაინის დამარცხება. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები