მაკრონი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას ათწლეულები დასჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესი შესაძლოა „ათწლეულები“ გაგრძელდეს.

„უკრაინა, თავისი ბრძოლითა და მამაცობით, უკვე არის ევროპის გულის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის წევრი...მაგრამ ვიცით, რომ გაწევრების პროცესს შესაძლოა წლები ან ათწლეულები დასჭირდეს. პირდაპირ ვთქვათ, ევროკავშირი მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ იქნება ევროპული კონტინენტის მოწყობის ერთადერთი საშუალება.

უკრაინელების ლეგიტიმური მისწრაფება გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ისევე როგორც მოლდავის და საქართველოს, ჩვენი კონტინენტის გეოგრაფიის და მოწყობის გადახედვაზე გვაფიქრებინებს“, - თქვა მაკრონმა.

სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა ახალი გაერთიანების - ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნას დაუჭირა მხარი - რომელში შესვლაც უკრაინას და წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებს შეეძლებათ.

„ეს ახალი ევროპული ორგანიზაცია ევროპის დემოკრატიულ ერებს, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ, ... თანამშრომლობის ახალ სივრცეს აპოვნინებს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების გადასინჯვასაც დაუჭირა მხარი, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი „გამარტივდეს“.

მსგავსი სიახლეები