მაკრონი: უკრაინის კონტრშეტევა შეიძლება კვირები ან თვეებიც გაგრძელდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და უნდა მოიტანოს ისეთი პირობები, რომლებიც კიევს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად მომგებიანი პირობებით დაიწყოს მოლაპარაკებები.
BFMTV-ს ცნობით, ეს განცხადება მაკრონმა ორშაბათს, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ის უნდა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან თუნდაც რამდენიმე თვე. ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რათა შემდეგ შევძლოთ მოლაპარაკებების ეტაპის შესაბამის პირობებში დაწყება," - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტებთან მაკრონმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ევროპულ "ერთობაზე" ისაუბრა და ასევე დაადასტურა საფრანგეთისა და ევროპის ქვეყნების უპირობო მხარდაჭერა უკრაინისადმი.
"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს და რომ ვერ გაიმეოროს (ეს ომი - რედ.)," - თქვა მან.
როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდასა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინის ნატოსკენ სწრაფვასა და უსაფრთხოების გარანტიებზე.