მაკრონის გარემოცვაში აცხადებენ, რომ ის მხარს დაუჭერს ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევას - Politico
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით დანიშვნას.
ამის შესახებ Politico-ს სამმა ფრანგმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით აცნობა.
როგორც Politico-ს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განმარტა, "ევროპის სახალხო პარტიამ" ევროპარლამენტის არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენა, რამაც გააძლიერა ევროკომისიის თავმჯდომარის პოზიცია.
"ახლა არანაირი ეჭვი არ არსებობს რომელი პარტიიდან იქნება ევროკომისიის მომავალი თავმჯდომარე," - თქვა მან.
საფრანგეთის მთავრობიდან კიდევ ერთმა წყარომ Politico-ს განუცხადა, რომ მაკრონი მზად იქნება მხარი დაუჭიროს ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას დათმობების სანაცვლოდ - გარანტიების ჩათვლით, რომ მისი მანდატი ფოკუსირებული იქნება ინდუსტრიულ პოლიტიკაზე და დააკმაყოფილებს საფრანგეთის მიერ მეტი სუბსიდიების მოთხოვნას ევროკავშირის ეკონომიკის მხარდასაჭერად.
ევროპარლამენტის არჩევნებამდე მაკრონმა პირადად გამოიკვლია ევროკომისიის თავმჯდომარედ სხვა კანდიდატის დანიშვნის შესაძლებლობა - კერძოდ, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე მარიო დრაგი.
მაგრამ EPP-ის დამაჯერებელმა შედეგმა, ისევე როგორც ევროპარლამენტში ლიბერალთა პოლიტიკური ჯგუფის მნიშვნელოვანმა დანაკარგებმა, რომელშიც შედის საფრანგეთის პრეზიდენტის პოლიტიკური ძალა, სიტუაცია შეცვალა.
"მწვანეებმა" ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას მხარი უკვე დაუჭირეს.