მაკრონმა ლე პენი საფრანგეთის მომავალ მთავრობაზე სასაუბროდ მიიწვია
ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერები, მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა, მომავალ ორშაბათს, 26 აგვისტოს, ელისეის სასახლეში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდებიან.
ამის შესახებ BFMTV წერს.
ლე პენი და ბარდელა მაკრონს მთავრობის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციების ფარგლებში შეხვდებიან.
კონსულტაციები 23 აგვისტოს დაიწყება: საფრანგეთის პრეზიდენტი მემარცხენე ბლოკის, "ახალი სახალხო ფრონტის" წარმომადგენლებს და მათ პრემიერობის კანდიდატს, ლუსი კასტეს მიიღებს.
ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება", რომელიც მოულოდნელად დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, ახლა ეროვნული ასამბლეის დათხოვნას და ახალ არჩევნებს ითხოვს.
მათი თქმით, არცერთ პარტიას ან ბლოკს არ მიუღია უმრავლესობა და არ შეუძლია კოალიციის შექმნა.
ამ ფონზე, ულტრამემარცხენე "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა და მისი პარტიის გავლენიანმა წევრებმა მოითხოვეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, რადგან მან უარი თქვა პრემიერ-მინისტრად მათი კანდიდატის დანიშვნაზე.
თუმცა, მელენშონის წინადადებას მხარი არ დაუჭირა "ახალი სახალხო ფრონტის" არცერთმა პარტიამ.
14 აგვისტოს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა ეროვნულ ასამბლეაში პოლიტიკურ ძალებს - ულტრამემარცხენე "დაუმორჩილებელი საფრანგეთისა" და ულტრამემარჯვენე "ეროვნული ერთიანობის" გარდა - ფართო კოალიციის შექმნა შესთავაზა.
ამისათვის მან მომავალი კოალიციის მუშაობის ექვსი ძირითადი მიმართულება გამოყო, კერძოდ, ბიუჯეტის მოწესრიგება, ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერება, ღირებულებებისა და სეკულარიზმის დაცვა.
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მემარცხენე ბლოკს ყველაზე მეტი ადგილი აქვს. ივლისის ბოლოს მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი" საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში შეთანხმდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად ლუსი კასტეს წარადგენს.
საფრანგეთის ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კასტე ახლა პარიზის მერიის საბიუჯეტო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.