მაკრონმა მთავრობის შემადგენლობა გადაახალისა: ვინ ინარჩუნებს და ვინ ტოვებს მინისტრის პორტფელს?

ემანუელ მაკრონის სამთავრობო კაბინეტში ცვლილებებია.

ივნისში ჩატარებულ არჩევნებში მაკრონის პარტიამ უმრავლესობა დაკარგა, რამაც პრეზიდენტს მთავრობის შემადგენლობის გადახალისებისკენ უბიძგა.

თანამდებობას ინარჩუნებს პრემიერ-მინისტრი ელიზაბეთ ბორნი.

ცვლილება არ შეხებია სხვა გავლენიან პოსტებს - პორტფელებს შეინარჩუნებენ ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა, თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ, იუსტიციის მინისტრი ერიკ დიუპონ-მორეტი, განათლების მინისტრი პაპ ნდიე და შრომის მინისტრი ოლივიე დიუსო.

დამიან აბადის, რომელიც სოლიდარობის და სოციალური კავშირის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ჟან-კრისტოფ კომბი ჩაანაცვლებს.

აბადის სამმა ქალმა გაუპატიურების მცდელობაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც საფრანგეთის პროკურატურამ საქმე აღძრა.

42 წლის აბადი ბრალდებებს უარყოფს.

მთავრობის სპიკერის გავლენიან პოსტს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი შეავსებს, წერს BFM TV.

ვერანი კორონავირუსის პანდემიის სამთავრობო სტრატეგიაში საკვანძო როლს ასრულებდა.

ჯანდაცვის მოქმედ მინისტრ ბრიჟიტ ბურგინიონს ფრანსუა ბრაუნი შეცვლის, რომელიც მანამდე გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მუშაკთა ასოციაციას მეთაურობდა.

მაკრონმა ახალი კადრი - კრისტოფ ბეშუ - წარადგინა გარემოს დაცვის უწყებაში.

მაკრონის გუნდის ახალგაზრდა სახე, კლემან ბონი ევროპის საქმეთა კურატორიდან ტრანსპორტის სამინისტროში გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები