მალიარი: ბერდიანსკის მიმართულებით 1300 მეტრიანი წინსვლა გვაქვს
უკრაინის თავდაცვის ძალებს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში წინსვლა აქვთ: ბერდიანსკის მიმართულებით - 1300 მ, კლეშეევკას მიმართულებით - 1200 მ, კურდიუმოვკას მიმართულებით - 1500 მ.
ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Telegram-ზე ავრცელებს.
"ჩვენი თავდაცვის ძალების შეტევითი ოპერაცია გრძელდება მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებით. ჩვენები ამ რთულ დუელში მტერს მიწის ყოველ მეტრს ბრძოლით ართმევენ. მათ აქვთ წარმატება.
ამავდროულად, მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკის და მარიინკის მიმართულებით. წარუმატებლად... ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიმართულებებზე - ჩვენ ვანადგურებთ მტერს. მტერი ყველა თავის რეზერვს თავდაცვისთვის კრებს, საზღვაო ქვეითთა ბრიგადასაც კი, რომელიც ერთ დროს ხერსონიდან გაიქცა.
ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლა 1300 მ-ია." - აცხადებს მალიარი.
მისი თქმით, სამხრეთით, რივნოპოლ-ვოლოდინის მიმართულებით, უკრაინელი სამხედროები წარმატებულები არიან, ახლა ისინი მიღწეულ ხაზებს იცავენ და მტერს სერიოზულ ზიანს აყენებენ: "ისინი ფაქტობრივად სისხლისგან ცლიან მტრის შემტევ პოტენციალს აღჭურვილობის, საწყობების, სამეთაურო პუნქტების და პერსონალის განადგურებით."
აღმოსავლეთით, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელებმა ფრონტის ამ სექტორში ოპერატიული ინიციატივა ხელში ჩაიგდეს.
მტერი ცდილობს პოზიციების დაკავებას, ახორციელებს კონტრშეტევებს, მაგრამ მიღებული დანაკარგების შემდეგ თანდათან უკან იხევს.
მალიარმა აღნიშნა, რომ ბახმუტში, კლეშჩეევკას მიმართულებით უკრაინელებს 1200 მ-იანი წინსვლა აქვთ, კურდიუმოვკას მიმართულებით - 1500 მ.