მალიარი: აღმოსავლეთ ფრონტზე რთული ვითარებაა, ავდიივკასთან კი ღიად საშიში
უკრაინის სახმელეთო ძალების სარდლის, ალექსანდრ სირსკის შემდეგ აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჰანა მალიარიც.
საკუთარ ტელეგრამ არხზე მალიარი წერს, რომ ამ წუთისთვის საკვანძო ბრძოლები სწორედ აღმოსავლეთში ვითარდება სადაც რუსეთის არმია ერთდროულად 5 მიმართულებით აწარმოებს იერიშს, ესენია: კუპიანსკის, ბახმუტის, ლიმანის, ავდიივკისა და მარიინკის.
"ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს შეტევები ავდიივკისა და ბახმუტის მიმართულებით, ფრონტის ორივე მონაკვეთზე რთული ვითარებაა, ხოლო ავდიივკასთან შექმნილი მდგომარეობა ღიად საშიშია",- წერს მალიარი და ამატებს, რომ ავდიივკასთან არმიის წინსვლის რეალური საფრთხე არსებობს.
მალიარი წერს, რომ ბახმუტის მიმართულებას რუსეთი სტრატეგიულად მიიჩნევს, რადგანაც სწორედ ამ ხაზით გეგმავს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას.
"ეს კარგად ჩანს თუ დავაკვირდებით რა ძალები და რა შენაერთები გადაჰყავთ რუსებს ამ მონაკვეთზე. ამ დროისთვის მტერი მედესანტეებისა და საზღვაო ქვეითების ბრძოლისუნარიან დანაყოფებს ეყრდნობა",- წერს მალიარი.
ყოფილი ჩინოვნიკი იმეორებს გენერალ სირსკის შეფასებას იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდაა - "რა თქმა მტერს მეტი ცოცხალი ძალა და მეტი შეიარაღება აქვს, თუმცა ჩვენი მეომრები სწორედ ამ პირობებში ინარჩუნებენ პოზიციებს და ერთი შეხედვით ჩანს, რომ ფრონტის ხაზი უძრავია."
მალიარის თქმით, არსებულ პროპორციებით ვითარების შენარჩუნება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, თუმცა აუცილებელია აღმოსავლეთ ფრონტზე განთავსებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობის გაზრდა, "თანაც მანამ სანამ ამას მოწინააღმდეგე გააკეთებს."