მედია: აზოველები როსტოვისა და ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
რუსული გამოცემა Дон24 წერს, რომ დატყვევებული აზოვი მებრძოლები დონის როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. პუბლიკაცია RT-ის ჟურნალისტს ვალენტინ გორშენინს ეყრდნობა, რომელიც, სავარაუდოდ, აზოვსტალიდან გამოსულ კოლონას თან ახლდა.
როსტოვული გამოცემა 161.ru, სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტაგანროგში "აზოვის" 89 მებრძოლი გადაიყვანეს.
"ტაგანროგიდან ისინი შემდგომში გადანაწილდებიან. ჩვენი ნაწილიც დარჩება რეგიონში. ისინი გაცვლისთვის ახლა მნიშვნელოვანი ობიექტი არიან", - თქვა წყარომ.
რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ დილის ბრიფინგზე განაცხადა, რომ 16 მაისიდან მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან 959 უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის 80 დაჭრილია გაყვანილი.
უკრაინის გენერალური შტაბი აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანას ტყვეთა გაცვლის ოპერაციის ნაწილად უწოდებს.