მელნიკი: უკრაინას შეუძლია სამ თვეში 100-მდე Leopard-ის ტანკი მიიღოს

სამ თვეში უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან 100-მდე ტანკის მიღება შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი მელნიკმა ეროვნული ტელემართონის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ აქცენტი Leopard 2-ის ტანკებზე გააკეთა, რადგან მისი რაოდენობა ყველაზე დიდია და ის შეიარაღებაში არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანას, მათ შორის ლათინურ ამერიკაშიც აქვთ. მისი შეფასებით, ახლა სულ 2000 ტანკია, რომელთა უკრაინისთვის სწრაფად გადაცემაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, საწყობში ჯერ კიდევ არის ტანკები.

"Leopard არის ის, რისი გადმოცემაც ნამდვილად შეიძლება პოლონეთიდან, გერმანიიდან, სხვა ქვეყნებიდან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება მინიმუმ 100-მდე ტანკი. ეს რეალისტურია, თუ ვსაუბრობთ სამთვიან პერიოდზე, როცა შეგიძლია ყველაფერი პარალელურად აწარმოო", - თქვა მელნიკმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თუ შევადარებთ იმ მასშტაბებს, რამაც შესაძლებელი გახადა ნაცისტური გერმანიის მეორე მსოფლიო ომში დამარცხება, მაშინ ტანკების ეს რაოდენობა ცოტაა.

"ამიტომ, ახალი შეკვეთები გვჭირდება მომავალი წლისთვის, ორ წელიწადში. ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული კონტრაქტები", - განაცხადა მელნიკმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ უკრაინას მინიმუმ 300 საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 500 ქვეითთა საბრძოლო მანქანა სჭირდება პირველი კონტრშეტევისთვის, რომელიც შეიძლება 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.

"ეს არის ის მინიმუმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ სამხედრო ოპერაცია მინიმალური დანაკარგებით და მაქსიმალური ეფექტით", - აღნიშნა მან.

მელნიკმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უკვე სხვა საჭირო იარაღსაც ითხოვს.

მსგავსი სიახლეები