მეცოლამ სახელმწიფოებს მოუწოდა, უკრაინას გამანადგურებლები გადასცენ
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 9 თებერვალს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, სახელმწიფოებს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისკენ მოუწოდა.
მეცოლა სიტყვით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის წინ გამოვიდა.
"ეს არ არის ჩვეულებრივი მომენტი, ჩვეულებრივი დრო. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენცცია დაიწყო", - თქვა მან.
მეცოლამ თავის გამოსვლაში მარიუპოლის გმირ დამცველებზე, კუნძულ ზმეინის განთავისუფლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზელენსკის ლიდერობა შთააგონებს ევროპასა და უკრაინელებს.
ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა მარცვლეულის ინიციატივის მუშაობაზე და უკრაინის მიერ თურქეთისთვის დახმარების გაწევაზე, სადაც მიწისძვრის შედეგად 12 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
"ამას ჰქვია ნამდვილი სოლიდარობა", - თქვა მეცოლამ.
"სიამაყით ვამბობ, რომ ევროპული დემოკრატიის ეს სახლი, მისი წევრები, ჩვენი ევროკავშირი ყოველთვის გვერდში გიდგათ. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი ღირებულებებისთვის, არამედ ჩვენი, იმ იდეებისთვის, რომლებიც გვაკავშირებს, როგორც დებს და ძმებს და ყველას ევროპელებად გვაქცევს. იმიტომ, რომ უკრაინა ევროპაა და თქვენი ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ვიცით იმ მსხვერპლის შესახებ, რომელსაც თქვენი ხალხი იხდის ევროპისთვის." - აღნიშნა მან.
ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა ყველას მოუწოდა, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ "არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც."
"თქვენ უნდა გაიმარჯვოთ. ევროკავშირის ქვეყნებმა სწრაფად უნდა განიხილონ შორ დისტანცაზე მოქმედი სისტემებისა და თვითმფრინავების გადმოცემა, როგორც შემდეგი ნაბიჯი იმ თავისუფლების დასაცავად, რომელიც ბევრს თავისთავად მიაჩნია." - თქვა მეცოლამ.