მოლდოვაში დააჯარიმეს მოქალაქეები, რომლებმაც არჩევნებზე ხმა "გაყიდეს"
მოლდოვაში, სადაც 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ცენტრმა (NAC) 23 ოქტომბერს, პოლიციისგან 350 შეტყობინება მიიღო "პასიური საარჩევნო კორუფციის" შესახებ.
როგორც ცენტრის ვებგვერდზეა ნათქვამი, ჯამში აღნიშნული სამართალდარღვევისთვის დაახლოებით 1 მილიონი ლეუს (კონვერტირება: 52 000 ევრო) ჯარიმაა დაწესებული.
"პასიური საარჩევნო მოსყიდვა" მოლდოვის კანონმდებლობაში განიხილება, როგორც "დანაშაული საქონლის, მომსახურების, პრივილეგიების ან შეღავათების ნებისმიერი ფორმით ამომრჩევლის მიერ მოთხოვნის ან მიღების სახით, პირადად ან შუამავლის მეშვეობით."
ასეთი სამართალდარღვევისთვის ჯარიმა 25 ათასი ლეუდან 37 500 ლეუმდე (1299-1949 ევრო) მერყეობს.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედ ლიდერ მაია სანდუს ამომრჩეველთა 42%-მა მისცა ხმა. მისმა მოწინააღმდეგემ, პრორუსული სოციალისტების პარტიიდან, ალექსანდრე სტოიანოგლომ 26% მიიღო.
მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების რეფერენდუმზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერებმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს: ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგებით, ამომრჩეველთა 50.38%-მა ხმა მისცა კიშინიოვის ევროპულ კურსს.