სანდუს პარტიამ საპარლამენტო არჩევნებამდე პირველი ადგილი დაკარგა - კვლევა

მოლდოვაში, საპარლამენტო არჩევნებამდე, მმართველ პარტიას, "მოქმედება და სოლიდარობას" (PAS) ქვეყნის შიგნით პოპულარობით სოციალისტი ექს-პრეზიდენტის, იგორ დოდონის პრო-რუსულმა "პატრიოტულმა საარჩევნო ბლოკმა" გადაუსწრო. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები 8 სექტემბერს სოციოლოგიურმა კომპანია iData-მ გამოაქვეყნა.
ვითარების არსი: კვლევის თანახმად, კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, "პატრიოტული საარჩევნო ბლოკი" ხმების 25.2%-ს მიიღებდა, მაია სანდუს პარტია PAS - 24.3%-ს.
- iData-ს დირექტორმა მიჰაი ბოლოგანმა დააზუსტა, რომ შედეგები იმ ამომრჩევლების რეალური სტრუქტურის გათვალისწინებით არის გადაანგარიშებული, რომლებიც დანამდვილებით გეგმავენ არჩევნებზე მისვლას.
- გარდა ამისა, კვლევა დიასპორის ხმებს არ ითვალისწინებს.
- მხოლოდ იმ მოქალაქეების გათვალისწინებით, ვინც სასურველი პარტია უკვე შეარჩია, მაშინ "პატრიოტულ ბლოკს" ამომრჩეველთა 36% უჭერს მხარს, ხოლო სანდუს პოლიტიკურ ძალას - 34.7%. ასეთი უმნიშვნელო სხვაობა სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია.
- პარლამენტში ასევე შეიძლება შეივდეს "ჩვენი პარტია" რენატო უსატის მეთაურობით - 5.9% და ბლოკი "ალტერნატივა," რომელსაც რესპონდენტთა საერთო რაოდენობის 5.5% უჭერს მხარს.
- სხვა პოლიტიკური გაერთიანებები საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ.
ჩაშლილად: iData-ს გათვლებით პრო-რუსულ "პატრიოტულ ბლოკს" 42 მანდატის მოპოვება შეუძლია, ხოლო სანდუს PAS 40 ადგილს მიიღებს.
- თუმცა, ბოლოგანის აზრით, დიასპორას სანდუსთვის დამატებით 7 მანდატის მოტანა შეუძლია.
- მომავალი არჩევნების ძირითად ფაქტორად კვლავ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მაღალი პროცენტი რჩება. რესპონდენტთა 30%-მა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
კონტექსტი: iData-ს კვლევა 20 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში 1059 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მაქსიმალური ცდომილება 2.9%-ია.
- სანდუმ მანამდე განაცხადა, რომ მოსკოვი არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევას ამზადებს ამომრჩევლების მოსყიდვით, დეზინფორმაციით, კიბერთავდასხმებით, მოსყიდული აქციების მოწყობით და ა.შ.
- მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.