მოლდოვაში პრორუსულმა ძალებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მოლდოვაში, კიშინიოვის ცენტრში პრორუსულმა ძალებმა, კერძოდ პარტიამ "შორმა" აქცია გამართა. ამის შესახებ NewsMaker წერს.

აქციის მონაწილეები, ძირითადად საპენსიო ასაკის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამჟამინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ.

როგორც პარტია "შორი" ფეისბუქზე აცხადებს, მოსახლეობა ხელისუფლებისგან ზამთრის თვეების კომუნალური გადასახადების გადახდას ითხოვს.

"გადასახადები ძალიან მაღალია, ამიტომ ხალხი ვერ იხდის", - აცხადებს პოლიტიკური ძალა.

NewsMaker-ის ცნობით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეთა ორმა კოლონამ პარლამენტთან დემონსტრაციის შემდეგ ქალაქის ცენტრისკენ წასვლა გადაწყვიტა. პოლიციამ ისინი არ გაუშვა, რადგან ორგანიზატორებმა ამაზე წინასწარ არ განაცხადეს.

პოლიციამ აქციის 50-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მათგან 20-ზე მეტი არასრულწლოვანი იყო. პოლიციამ აღნიშნა, რომ დაკავებულები საეჭვოდ იქცეოდნენ და მათ აღმოაჩინეს აკრძალული ნივთები, მათ შორის დანები.

მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ ორგანიზატორები ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა აქციაზე ბევრი სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს.

მსგავსი სიახლეები