მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ თანამდებობიდან გადადგა.
პოპესკუ, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2021 წლის აგვისტოდან იკავებდა, თანამდებობას 29 იანვარს დატოვებს. ამავე დღეს ის ვიცე-პრემიერის პოსტიდანაც გადადგება.
„აქამდე გავლილი გზა ძალიან რთული იყო და ვფიქრობ, რომ წარმატებით მივაღწიეთ იმ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს, რომლებიც პრეზიდენტთან ერთად ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში დავისახეთ. ამ ეტაპზე მე მჭირდება შესვენება“, - ნიკუ პოპესკუ.
2022 წლის ივნისში მოლდოვას ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. 2023 წლის დეკემბერში კი ბრიუსელმა ამ უკანასკნელთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა.
„ჩვენ გვქონდა მკაფიო მიზანი: მოლდოვის რესპუბლიკა იზოლაციიდან გამოგვეყვანა, პანდემიის შედეგები გადაგველახა და ქვეყანა ევროპულ გზაზე დაგვებრუნებინა - მიზნები, რომლებიც წარმატებით განვახორციელეთ“, - ნიკუ პოპესკუ.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რესეანმა პოპესკუს „გამორჩეული დიპლომატიური ძალისხმევისთვის“ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დეპუტატი, მიხაი პოპსოი დაიკავებს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ, გეოპოლიტიკური ვითარება იმდენად შეცვალა, რომ დღის წესრიგში, ევროპის კავშირის მიერ დიდი ხნით მივიწყებული გაფართოების საკითხი დადგა. მოლდოვის პრო-დასავლურმა მთავრობამ შესაძლებლობის ფანჯარა წარმატებულად გამოიყენა და ქვეყანა ევროპის კავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ნიკუ პოპესკუს მიუძღვის.