მომავალ კვირას აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს - Politico

მომავალ კვირას შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს. ამ ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით 1 აგვისტოს ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სამხედრო დახმარების ბოლო, 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი მოიცავდა საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, არტილერიას და სხვა საბრძოლო მასალას, ასევე ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.

"თავდაცვის დეპარტამენტი მოელის, რომ კიდევ ერთი პაკეტი მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდება," - ნათქვამია სტატიაში.

რა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა ახალი პაკეტის ფარგლებში, გამოცემა არ აკონკრეტებს.

პენტაგონმა 25 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, აშშ-მა უკრაინას 43.7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო, მათ შორის 43 მილიარდ დოლარზე მეტი რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან.  

მსგავსი სიახლეები