მონტენეგროსა და ალბანეთის პრემიერ-მინისტრები ირპენსა და ბოროდიანკას ესტუმრნენ
მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი და ალბანეთის პრემიერი ედი რამა, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან, კიევის რეგიონის ქალაქ ირპენსა და ბოროდიანკას ესტუმრნენ. ამის შესახებ აბაზოვიჩმა Twitter-ზე განაცხადა.
"ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინას მრავალი ადამიანის დაღუპვისა და ტანჯვის გამო, რომელსაც ისინი განიცდიდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში", - წერს ის ირპენში ვიზიტის შემდეგ.
"ჩვენ განადგურების ჯოჯოხეთის მოწმენი ვართ", - ხაზგასმით აღნიშნა აბაზოვიჩმა.
მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი და ედი რამას უკრაინაში ვიზიტის მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.
"მონტენეგრო გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ამ რთულ დროს", - დასძინა მან.