"ნაღმები აღარაა ეფექტური",- ე.წ. ДНР-ს ჩინოვნიკი ЗСУ-ს მასშტაბურ იერიშზე წერს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში როსგვარდიის უფროსის მოადგილე, ალექსანდრ ხოდაკოვსკი დონეცკის ოლქის დასავლეთში უკრაინის არმიის მასშტაბური იერიშის დაწყების შესახებ იტყობინება. 

ხოდაკოვსკის თქმით, საუბარია მონაკვეთზე ნოვოდონეცკოესა და ნოვომაიორსკს შორის, სადაც "უკრაინელები ცდილობენ ფრონტის გარღვევას ჯავშანტექნიკის დიდი მოცულობით."

ხოდაკოვსკის თქმით, შეტევის დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინული არმია გამუდმებული საარტილერიო ცეცხლით ამუშავებდა მონაკვეთს, რის შედეგადაც "დანაღმული ველები აღარ არის ეფექტური", ხოლო განუწყვეტელი საარტილერიო ცეცხლის გამო მუშაობის საშუალება არ აქვთ საოკუპაციო ძალების სპეციალისტებს. 

"შედეგად მოწინააღმდეგე ჩვენს პოზიციებს პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე მოუახლოვდა, მათ გადმოსხეს დესანტი, ჩვენი პოზიციების პირდაპირი დამიზნებით დამუშავების შემდეგ კი ტექნიკა უკან გაიყვანეს",- წერს ხოდაკოვსკი. 

როსგვარდიის მაღალჩინოსანის თქმით, ამ დროისთვის დასახლება ნოვოდონეცკოესთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, რომლის ფონზეც უკრაინელები ნოვომაიორსკისკენაც ცდილობენ მოძრაობას. 

უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ დილის კრებსში არაფერია ნათქვამი ფრონტის ამ მონაკვეთზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ. 

კონტექსტი

ფრონტის ამ მონაკვეთზე ბრძოლები უკრაინის კონტრიერიშის დაწყებისთანავე გააქტიურდა. საუბარია ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე მდებარე ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე. 

ჯერჯერობით ეს უკრაინული არმიისთვის ყველაზე წარმატებული მონაკვეთია, სადაც მათ გასული 3 თვის განმავლობაში 7 დასახლება გაათავისუფლეს. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის სტრატეგიული მიზანი ქალაქი ბერდიანსკი და მარიუპოლია. 

 

მსგავსი სიახლეები