ნატოს გენერალური მდივანი ტრამპს: შეწყვიტეთ ჩვენი უსაფრთხოების დაზიანება
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თავისი განცხადებებით ზიანს აყენებს ალიანსის უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატოს ყველა ქვეყანა საერთო თავდაცვის პრინციპის მიმართ ერთგულია.
ამის შესახებ მან ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
"ნატოს იდეა და აქცენტი არის ომის თავიდან აცილება... ნებისმიერი განცხადება, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას." - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
დონალდ ტრამპის ბოლო სკანდალური განცხადებების კომენტირებისას, რომელშიც ის ეჭვქვეშ აყენებს თავის განზრახვას დაიცვას სხვა მოკავშირეები რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემთხვევაში, სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ "ნატო 75 წლის განმავლობაში ახერხებდა ალიანსზე თავდასხმის აღკვეთას" და ახლა ნატოს ყველა წევრი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა ხაზს უსვამს ერთობლივი თავდაცვის პრინციპის ხელშეუხებლობას.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის მთავარი ძალა არის შეკავების პრინციპი, რომელიც ემყარება იმ ფაქტს, რომ ნატო ერთობლივ პასუხს გასცემს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში. ამ პრინციპის უარყოფა კი ანადგურებს ალიანსის ძლიერებას.
"ჩემი სიგნალი (ტრამპისთვის) არის ის, რომ არ არის საჭირო ჩვენი შეკავების სისტემისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები." - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
კონტექსტი
წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა აღწერა, თუ როგორ დაემუქრა მოკავშირეებს, რომ "წახალისებდა რუსეთს" მათ წინააღმდეგ აგრესიისკენ, რათა ისინი ეიძულებინა გაზარდონ თავიანთი წვლილი კოლექტიურ უსაფრთხოებაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტრამპის სიტყვებს უპასუხისმგებლო უწოდა.
ტრამპის მუქარას ნატოს მიმართ მკვეთრად უპასუხა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. მან აღნიშნა, რომ ალიანსმა არასოდეს უნდა თქვას უარი იდეაზე - "ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის!"
"ევროკავშირისა და ნატოს ფილოსოფია "სამი მუშკეტერისას" ჰგავს," - თქვა ტუსკმა და პარიზში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სამუშაო ლანჩის წინ ფრანგული ლიტერატურის კლასიკა გაიხსენა.