NBC: ტრამპს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე მესამე ბრალს წაუყენებენ
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორებმა ხუთშაბათს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატები გააფრთხილეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მზადდება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმთან დაკავშირებით.
ამის შესახებ NBC News-ისთვის ორი წყაროდან გახდა ცნობილი.
ხუთშაბათს, არაერთმა ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადვოკატები ტოდ ბლანში და ჯონ ლორო კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველის ჯეკ სმიტის ოფისში პროკურორებს შეხვდნენ, რომელიც ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეებს ზედამხედველობს.
NBC News-ის ცნობით, ტრამპის ადვოკატებს უთხრეს, რომ "დაელოდონ საბრალდებო დასკვნას." კონკრეტულად როდის შეიძლება გამოცხადდეს ბრალდება და რა კონკრეტულ მუხლებზეა საუბარი, არ არის ცნობილი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდების მხარე მუშაობდა სხვადასხვა საქმეებზე - "კონფისკაცია," აშშ-ის მთავრობის შეცდომაში შეყვანის მიზნით შეთქმულებაზე და მოწმეებზე ზემოქმედება. თითოეული მათგანი ათ, ხუთ და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ტრამპს ფედერალურ სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ, რაც არასდროს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში ყოფილი პრეზიდენტების წინააღმდეგ.
წინა ბრალდება ეხებოდა საიდუმლო დოკუმენტებისადმი არასწორ მოპყრობას, რომელზეც ამერიკის ექს-პრეზიდენტმა 37-დან არცერთ პუნქტში არ აღიარა დანაშაული. გარდა ამისა, წლის დასაწყისში ნიუ-იორკში მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ტრამპს კამპანიის უკანონო დაფინანსებაში წაუყენა ბრალი.
წინა მოწვევის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა ჩაატარა გამოძიება 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელმაც "აჯანყების წაქეზებისთვის" ტრამპის სამართლებრივ დევნას რეკომენდაცია გაუწია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მუხლი, რომელიც პოტენციურად მას საჯარო თანამდებობაზე არჩევას აუკრძალავს.