ნიდერლანდებში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას მიგრაციის საკითხი აფერხებს
ნიდერლანდებში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას მიგრაციის საკითხი განსაკუთრებულად აფერხებს.
პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის ქვედა პალატამ ე.წ. „გადანაწილების კანონს“, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილებას გულისხმობს, მხარი დაუჭირა.
არჩევნებში გამარჯვებული ხეერტ ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტია - PVV“ აღნიშნულ გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რაც შეეხება „თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიას - VVD, გაერთიანების ლიდერის, დილან იეშილგოზის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისმა სენატორებმა „გადანაწილების კანონს“ მხარი დაუჭირეს.
ხეერტ ვილდერსმა საზოგადოების დაინტერესება 2002 წელს მოახერხა, როდესაც VVD-ს სპიკერად დაინიშნა და ყურადღების ცენტრში ანტი-ისლამური განცხადებების გამო მოხვდა. პარტიის მთავარი პოლიტიკური ხაზიდან გადახვევისა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად ულტრა-მემარჯვენე პოზიციის გამო, ის 2004 წელს პარტიიდან გარიცხეს.
ჰომოფობიური, რასისტული და ანტი-ისლამური შეხედულებებისთვის, მას სიცოცხლის მოსპობით არაერთხელ დაემუქრნენ, რის გამოც წლებია ნიდერლანდების პოლიციის მკაცრი დაცვის ქვეშ იმყოფება. 2006 წელს ხეერტ ვილდერსმა ულტრა-ნაციონალისტური, ანტი-ისლამური და ანტი-საიმიგრაციო „თავისუფლების პარტია - PVV“ შექმნა, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში ყურანის აკრძალვას, მეჩეთების დახურვას, მიგრაციის შეწყვეტას და ნიდერლანდების ევროპის კავშირიდან გასვლას.
კონტექსტი
22 ნოემბერს ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა ხეერტ ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა.
ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანო სენატის (75 წევრი) და წარმომადგენელთა პალატისგან (150 წევრი) შედგება. მთავრობის ფორმირებისთვის 150 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში 76 მანდატის მოპოვებაა საჭირო.
მრავალპარტიული სისტემის მქონე ნიდერლანდებს საუკუნეზე მეტია კოალიციური მთავრობები მართავენ, რომელსაც როგორც წესი, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიები აყალიბებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამი შემთხვევა დაფიქსირდა - 1971, 1977 და 1982 წლებში, როდესაც სამთავრობო კოალიცია ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიის გარეშე ჩამოყალიბდა.
„თავისუფლების პარტიამ“ 22 ნოემბერს გამართულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 23.6% (37 მანდატი) მოიპოვა. იმისთვის, რომ მან მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი 76 მანდატი უზრუნველყოს, სხვა პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებთან სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და თანამშრომლობის საჭიროებაში დაარწმუნოს.