ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობა არ სურს
სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ მას არ აქვს ინტერესი გახდეს დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი.
მის განცხადებას Reuters ციტირებს.
რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში ტრამპის მთავარმა კონკურენტმა აღნიშნა, რომ ის "მეორეხარისხოვან როლებს არ ითამაშებს."
ამ კვირაში, ნიუ ჰემფშირში კამპანიისას მან კატეგორიულად გამორიცხა ნოემბერში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა.
"მე არ მინდა ვინმეს ვიცე-პრეზიდენტი ვიყო. ეს არ არის საკამათო. მე ამას ყოველთვის ვამბობდი. ეს არის თამაში, რომელსაც ისინი თამაშობენ და მე არ ვაპირებ თამაშს," - თქვა ჰეილიმ.
ნიკი ჰეილი განსაკუთრებით აქტიურ კამპანიას რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული პრაიმერის რიგით მეორე, ნიუ-ჰემფშირის შტატში ატარებს.
საზოგდოებრივი აზრის კვლევებით, ამ შტატში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი დონალდ ტრამპს აქვს.
თუმცა, ნიუ-ჰემფშირი აიოვასთან შედარებით უფრო ურბანული შტატია, სადაც რესპუბლიკური პარტიის არჩევნებში ხმის მიცემას ბევრი დამოუკიდებელი/არარესპუბლიკელი მოქალაქე გეგმავს. სწორედ ამ ორ სეგმენტში აქვს მაღალი მხარდაჭერა პრო-უკრაინული პოზიციებით გამორჩეულ სამხრეთ კაროლინას ყოფილ გუბერნატორ ნიკი ჰეილის.
დონალდ ტრამპმა 15 იანვარს, აიოვას შტატში ჩატარებულ პირველ რესპუბლიკულ საპრეზიდენტო პრაიმერში დიდი გამარჯვება მოიპოვა. მან ამომრჩევლების 51%-ის მხარდაჭერა მიიღო.