ნორვეგია უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას და 1000 სადაზვერვო დრონს გადასცემს

ნორვეგია უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს, რაც მოიცავს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლის მართვის ცენტრს, გამშვებ მოწყობილობებს და სათადარიგო ნაწილებს.

ამ ინფორმაციას ოთხშაბათს ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას მხარდაჭერის პაკეტი გადასცეს, რომელიც NASAMS-ის ორ ცეცხლის მართვის ცენტრს, ორ გამშვებს და სათადარიგო ნაწილებს მოიცავს." - ნათქვამია განცხადებაში.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის ბიორნ არილდ გრამის თქმით, ეს უზრუნველყოფს უკრაინისთვის უკვე გადაცემული საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობის გაზრდას.

მანამდე ნორვეგიამ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით უკრაინას უკვე გადასცა NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ორი სრულად აღჭურვილი საცეცხლე ოცეული.

"საჰაერო თავდაცვა არის უკრაინული მხარის პრიორიტეტული საჭიროება. უკრაინას სჭირდება რუსული საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვა. NASAMS-ის კარგი ოპერატიული შედეგები ნიშნავს, რომ საჰაერო თავდაცვა ზოგადად და NASAMS განსაკუთრებით სასურველია უკრაინული მხარისთვის." - თქვა გრამმა. 

თავდაცვის სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მწარმოებელმა კომპანიამ, Kongsberg Defense & Aerospace-მა (KDA) ახლახან გააფორმა კონტრაქტი ლიეტუვასთან, რათა უკრაინისთვის გადასაცემად ორი ძველი NASAMS-ის გამშვები მოწყობილობა მოდერნიზდეს.

ასევე, ნორვეგია უკრაინას კიდევ 1000 Black Hornet-ის სადაზვერვო დრონს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები