ნორვეგიამ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა

ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შეუერთდა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ და რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ 17 ივნისს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის მთავრობასა და ელიტაზე. ახლა ჩვენ ვკრძალავთ ნავთობის იმპორტს, რომელიც ზღვით ტრანსპორტირდება რუსეთიდან ნორვეგიაში. ნედლი ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება, მაგრამ წესები ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდებს 2022 წლის 5 დეკემბრამდე ნედლი ნავთობისთვის და 2023 წლის 5 თებერვლამდე ნავთობპროდუქტებისთვის." - ნათქვამია განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სანქციები "მიზნად ისახავს რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვას უკრაინაში ომის დასაფინანსებლად და [მიმართულია] რუსეთის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერების წინააღმდეგ".

მსგავსი სიახლეები