NYT: EU რუსულ ნავთობზე ემბარგოს საფრანგეთის არჩევნების შემდეგ ამზადებს
ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ეტაპობრივი ემბარგოს დაწესებისთვის ემზადება, რომელიც ძალაში შესაძლოა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შევიდეს, ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის ქვეყნები გერმანიის, ავსტრიის და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ რუსეთის ენერგეტიკული რესურსების ემბარგოზე.
მიუხედავად ამისა სანქციების მეხუთე პაკეტის გამოცხადებისას ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მიანიშნებდნენ, რომ რუსული ნავთობის ემბარგო მართლაც განიხილებოდა.
გამოცემის ხელთ არსებული ცნობებით, ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხს 24 აპრილს შემდეგ დაუბრუნდებიან, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ენერგო რესურსებზე გაზრდილი ფასები არ დაეხმაროს გამარჯვებაში მარინ ლე პენს.
უკვე ცნობილია, რომ მაისის ბოლოს ევროკავშირის სამიტია ჩანიშნული, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - კერძოდ კი დონბასში დიდი შეტაკების მოლოდინის ფონზე - სამიტი შესაძლოა დროზე ადრეც ჩატარდეს.