NYT: ხამენეიმ უშიშროების საბჭოს უბრძანა თავიდან აირიდონ პირდაპირი ომი აშშ-სთან

იორდანიის სამხედრო ბაზაზე პრო-ირანული დაჯგუფების შეტევის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პასუხის მოლოდინში ირანის უმაღლესი ლიდერი ცდილობს თავიდან აირიდოს პირდაპირი ომი. 

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს

გამოცემის ცნობით, უმაღლესი ლიდერის უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარე კვირას გაიმართა და მთავარი განსახილველი საკითხი აშშ-ს მოსალოდნელი დარტყმები და მათზე რეაქციის განსაზღვრა იყო. 

შეხვედრაში მონაწილეობდა ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. წყაროების ცნობით, ალი ხამენეიმ ქვეშერმდომებს უბრძანა, რომ თავიდან აერიდებინათ პირდაპირი ომი აშშ-სთან და მოეხდინათ ირანის დისტანცირება პროქსი დაჯგუფებების ქმედებებისკან, რასაც ამერიკელების სიკვდილი მოჰყვა.

ამასთანავე, ხამინეი გასცა ბრძანება საბრძოლო მზაობაში მოეყვანათ არმია იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე მიიტანდა დარტყმას. 

მართლაც, სანამ ირანის ლიდერები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ომი, ქვეყანამ საბრძოლო მზაობის დონე მაქსიმუმამდე აიყვანა, გააქტიურა საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბალისტიკური რაკეტების არსენალი ერაყის საზღვრის გასწვრივ განათავსა. 

კონტექსტი 

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ირანი და მის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებები რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში თვალსაჩინო ესკალაციის მიუხედავად ბალანსირებულად მოქმედებას ცდილობენ. ირანი აქტიურად იყენებს სირიაში, ლიბანში, იემენსა და ერაყსა მიერ კონტროლირებად დაჯგუფებებს რათა ამერიკასა და ისრაელის რესურსები და ყურადღება მაქსიმალურად გაფანტოს.

ამავდროულად ირანის მიერ კონსტრუირებული ე.წ. შიიტური წინააღმდეგობის რკალის არქიტექტურა ირანს გარკვეულწილად აძლევს მათგან დისტანცირების საშუალებას. 

"ჰეზბოლა ყველაზე ახლო მნიშვნელოვანი დაჯგუფებაა, ერაყული დაჯგუფეფები უფრო ავტონომიურია, ხოლო ჰუსიტები არაპროგნოზირებადები არიან",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ირანის სპეციალისტი ალი ვაეზი. 

7 ოქტომბრიდან მოყოლებული ირანი ცდილობდა ჰამასის თავდასხმისგან დისტანცირებას, მოზომილად მოქმედებდა ჰეზბოლაც, რომელიც ლიბანისა და ისრაელის საზღვრის ნაწილს აკონტროლებს. შეტაკებები ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ჰეზბოლას შორის ყოველდღიურად ხდება, თუმცა დაძაბულობა ამ დრომდე კონტროლირებადად აღიქმებოდა. 

მიუხედავად ამისა, რეგიონში დიდი ომის რისკები გაზრდილი იყო და ამის შანსი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 28 იანვარს იორდანიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე დრონის თავდასხმას 3 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. შეტევის უკან ირანის მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ერაყული დაჯგუფება იყო.

ისლამური რევოლუციის ყუდსის დანაყოფის მეთაურის, ისმაილ ქაანის ვიზიტის შემდეგ, ერაყულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისინი წყევეტენ შეტევებს ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე და რომ იორდანიის შეტევაში ირანი არ მონაწილეობდა. 

ირანული წყაროების ცნობით, გუშაგთა კორპუსის და დაზვერვის მაღალჩინოსნებმა უკვე დატოვეს სამხედრო ობიექტები სირიასა და ერაყში, რომელიც შესაძლოა ამერიკელების სამიზნე გახდეს. 30 იანვარს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია უკვე ჩამოყალიბდა როგორი იქნება საპასუხო ზომები. 

დაკონკრეტების მიზნით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ბაიდენმა განაცხადა - "არ ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი ომი გვჭირდება."

წყაროების ცნობით, ვითარებაში უკეთ გასარკვევად აიათოლა ხამენეიმ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავად ზარიფს უხმო, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქცია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები