NYT: ვაგნერის ამბოხების შემდეგ დაკავებული სუროვიკინი გაათავისუფლეს
2-თვიანი დაკავების შემდეგ, გენერალი სერგეი სუროვიკინი თავისუფალია - ის ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, New York Times ავრცელებს.
გუშინ, 4 სექტემბერს ქსენია სობჩაკმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც სერგეი სუროვიკინი მეუღლესთან ერთად მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია კვლავ მოქმედებს თუ არა სუროვიკინისთვის მანამდე დაწესებული შეზღუდვები გადაადგილებაზე, თუმცა კარიერულად მას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
სუროვიკინის გათავისუფლება დაადასტურა Эхо Москвы-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმაც - "სუროვიკინი შვებულებაშია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში."
სუროვიკინის ბედზე კითხეს გუშინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსაც, რომელმაც კითხვებს არ უპასუხა.
კონტექსტი
გენერალი სერგეი სუროვიკინი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და კომპეტენტურად მიჩნეული რუსი სარდალია. 2022 წლის შემოდგომიდან 2023 წლის იანვრამდე ის უკრაინაში საოკუპაციო ძალების მეთაურის პოსტს იკავებდა.
იანვარში დაჯგუფების მეთაურად რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი დაინიშნა, ხოლო სუროვიკინი მისი მოადგილის პოსტს იკავებდა.
გარდა ამისა 2017 წლიდან მოყოლებული სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის პოსტს იკავებდა. აგვისტოში რუსული წყაროები წერდნენ, რომ სერგეი სუროვიკინი ამ თანამდებობიდანაც გადააყენეს.
გენერალი საჯაროდ ბოლოს მიმდინარე წლის 24 ივნისს გამოჩნდა - სპეციალურ ვიდეო მიმართვაში ავტომატით შეიარაღებული სუროვიკინი მოუწოდებდა ვაგნერის მეთაურებს და მებრძოლებს შეეწყვიტათ ამბოხი და დამორჩილებოდნენ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს.
დასავლური წყაროების ცნობით, სუროვიკინმა შესაძლოა იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ. სავარაუდოდ სწორედ ევგენი პრიგოჟინთან და ვაგნერთან ახლო კავშირებს უკავშირდებოდა სუროვიკინის 2-თვიანი გაუჩინარებაც.