ოლენა ზელენსკას არ სურს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე ვადით იყაროს კენჭი

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ არ სურს მისი ქმრის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად მეორე ვადით ხილვა.

ამის შესახებ მან The Economist-ის პოდკასტში განაცხადა.

"არ მინდა, რომ ის ორი ვადით იყოს პრეზიდენტი." - აღნიშნა მან.

უკრაინის პირველი ლედი თვლის, რომ ზელენსკიმ და მან ერთად უნდა იპოვონ რაღაც ახალი ცხოვრებაში და ისინი საკმარისად კრეატიულები არიან საინტერესო აქტივობებისთვის.

The Economist-ის ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ როგორ ხედავს ომის შემდგომ მომავალს საკუთარი თავისა და ოჯახისთვის.

"ჩვენი ოჯახი ისევ ერთად იქნება. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ, ჩემს ქმართან და შვილებთან ერთად. დავისვენებთ და სადმე წავალთ, არც კი ვიცი, სადმე, მაგრამ ოთხივე ერთად. ეს შვებულება გრძელი იქნება - მთელი თვე და ამის შემდეგ ვიფიქრებთ რა ვქნათ მე და მან." - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

ოქტომბერში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუ ის ომის დროს ჩატარდება, მაგრამ თუ ის ომის შემდეგ ჩატარდება, უარს იტყვის.

ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრიი ერმაკს სურს, რომ ზელენსკი კვლავ აირჩიონ სახელმწიფოს მეთაურად.

მსგავსი სიახლეები