ორბანი: ჩემი სამშვიდობო მისია ჯერ არ დასრულებულა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ის აგრძელებს მუშაობას ე.წ. სამშვიდობო მისიაზე, რომლის ფარგლებშიც ის ცდილობს "აიცილოს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ესკალაცია."
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 7 სექტემბერს, დასავლეთ უნგრეთის ქალაქ კიოჩეში განუცხადა.
ორბანმა გაიხსენა, რომ უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შემდეგ მან თავისი "სამშვიდობო გეგმა" გაუგზავნა ევროკავშირის ლიდერებს, რომელიც მოგვიანებით მედიაში გაჟონვის გამო გამოაქვეყნა.
"მე დავწერე - ივლისის დასაწყისში რამე რომ გაგვეკეთებინა, შეგვეძლო ამ კონფლიქტის ესკალაცია უახლოეს ორ-სამ თვეში აგვეცილებინა, ახლა, თუ შევადარებთ ივლისის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას, სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი გაცილებით უარესადაა, ვიდრე მაშინ იყო," - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი სამშვიდობო მისია "სხვათა შორის, არ დასრულებულა."
"მე მასზე ვმუშაობ მთელი ზაფხული, ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო დონეზე. გაჩნდება ახალი დამაჯერებელი ინიციატივები, რომელთა ნაწილის ნახვა უკვე სექტემბერში იქნება შესაძლებელი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე," - აღნიშნა ორბანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
როგორც ცნობილია, "სამშვიდობო მისიის" ფარგლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვს ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ამით გახდა პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის ლიდერს ეწვია 2022 წლის აპრილიდან.
ორბანის ვიზიტის გამო, ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს უნგრეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას - ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს ნოემბრის დასაწყისში, რომელიც ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტთან ერთად ჩატარდება.