ორბანი უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფაზე: ჩემი მისია შესრულებულია

ევროკავშირის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანი პირველად გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილებას, რომლის დაბლოკვითაც იმუქრებოდა.

უნგრელი ლიდერის თქმით, მისი მისია შესრულებულია, რადგანაც უკრაინის დასახმარებლად უნგრეთის ფული არ დაიხარჯება. 

"ჩვენ გვაქვს კონტროლის მექანიზმი. ჩვენი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უცვლელია: საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება",- განაცხადა ვიქტორ ორბანმა. 

უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ მისი წინააღმდეგობა უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარების გამოყოფის შესახებ "2 პრინციპული საკითხით იყო გამოწვეული." ორბანის თქმით, ის შიშობდა, რომ უკრაინა გრძელვადიან დახმარებას კონტროლის მექანიზმის გარეშე მიიღებდა და რომ ამ თანხებში ევროკომისიის მიერ უნგრეთისთვის განკუთვნილი და ბლოკირებული თანხები აღმოჩნდებოდა. 

"მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს აუცილებელ კონტროლს და გარანტიას, რომ უნგრეთის ფული უკრაინაში არ აღმოჩნდება",- ამბობს ორბანი. 

კონტექსტი 

ევროკავშირის სამიტზე გაერთიანების წევრი 27 სახელმწიფო უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ დაფინანსებას უკრაინა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს. 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ღიად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის დახმარების ძალისხმევას და სამიტამდე რამდენიმეჯერ საჯაროდ დაიმუქრა გადაწყვეტილების დაბლოკვით. 

The Guardian-ის ინფორმაციით, რომლის ჟურნალისტიც სამიტს აშუქებდა, ადრინდელი მუქარების მიუხედავად ვიქტორ ორბანი სამიტზე მწვავე იზოლაციაში აღმოჩნდა და 26 წევრის ნაჩვენებმა ერთიანობამ უნგრეთის პრემიერს სხვა არჩევანი არ დაუტოვა. 

Reuters-ის ინფორმაციით, 50 მილიარდი დოლარის წინაპირობად უკრაინამ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და გაატაროს დემოკრატიული და ანტი-კორუფციული რეფორმები. მიღებული მექანიზმის მიხედვით, პაკეტზე ყოველწლიურად გაიმართება დებატები და 2 წლის შემდეგ გონივრული საფუძველის არსებობის შემთხვევაში ევროგაერთიანებას მასში ცვლილებების შეტანაც შეეძლება. 

მსგავსი სიახლეები